საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია ერთმანეთთან თავსებადი არ არის - თავის დროზე ეს გადაწყვეტილება რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა, რაც ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან იყო დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
“ის ყოფილი პირველი პირია. ვიღაცეები საკითხი ამგვარად გადაწყვეტას ლობირებდნენ, რაც აღმოჩნდა, რომ არასწორია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. მათ მიერ მოთხოვნილია საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.
პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.