მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა იზრდება. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი.
ამას “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: გურამ მაჭარაშვილმა, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ მოამზადეს.
“პრაქტიკამ ცხადყო, რომ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების დღეს მოქმედი მაქსიმალური ვადები არასაკმარისია სასამართლოების გადატვირთულობისა და იქ განსახილველ საქმეთა სიჭარბიდან გამომდინარე“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
ინიციატორები “საერთო სასამართლეობის შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.