ველოდებით ადამიანების შემომატებას და თუ საჭირო გახდა კარვებსაც დავამატებთ. თითოეული ადამიანი გადის მკაცრ სამედიცინო კონტროლს, ბევრ მათგანს ვუთხარით უარი, რადგან მათი მდგომარეობა არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ეს პროცედურა ითვალისწინებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ასეთი პროტესტი ყოველთვის გამოიღებს შედეგს. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, "ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გვინახავს ასეთი მასშტაბური პროტესტი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს".
"დღეს შიმშილობის მეექვსე დღეა და ბუნებრივია, მოშიმშილეებს რაღაც ჩივილები ექნებათ. თითოეული მათგანი არის მკაცრი კონტროლის ქვეშ და დღეში რამდენჯერმე ხდება მათი შემოწმება, კვალიფიციური ექიმების კონტროლის ქვეშ არიან და მდგომარეობა არის სტაბილური. არ არის კარგი, როდესაც ხალხი შიმშილობს, საქმე ეხება მათ სიცოცხლეს, მაგრამ ეს რადიკალური ფორმა ავირჩიეთ, რადგან დრო გვაქვს ძალიან ცოტა, არ გვაქვს ფუფუნება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გვქონდეს პროტესტის ფორმები.
ბუნებრივია, ასეთი პროტესტი ყოველთვის გამოიღებს შედეგს, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გვინახავს ასეთი მასშტაბური პროტესტი, როგორიც მიმდინარეობს ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც ამდენი ადამიანი შიმშილობს და ასეთი რადიკალური ფორმით უცხადებს პროტესტს იმ რეჟიმს, რომელიც ქვეყანაშია, ყოველთვის გამოიღებს შედეგს.
ყოველდღიურად გვაქვს მატება, გვემატებიან ადამიანები. ბუნებრივია ვერავის ვერ ეტყვი მოდი და იშიმშილეო, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და კარგად უნდა შეაფასონ ის რისკები, რომელიც ამ აქციას მოსდევს თან”, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.