დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ დარჩება თუ არა ის დაკავებულ თანამდებობაზე, ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული.
„მე პოსტზე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მინისტრი“, - აღნიშნა გამყრელიძემ. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, მისთვის მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა არის თუ არა ცნობილი, გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. რაც შეეხება იმას, იცნობს თუ არა ზურაბ აზარაშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება, გამყრელიძე აცხადებს, რომ პირადად არ იცნობს. „მე ვიცი ის, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, პირადად არ ვიცნობ, თუ ის დაინიშნება მინისტრად, რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ტიკარაძემ საზოგადოებას 9 დეკემბერს გააცნო.