დასავლეთთან ურთიერთობაში "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა კარი დახურა, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ პოსტის დატოვებას.
როგორც ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, კახა კუჭავა საჯაროდ მაინც ცდილობდა ნეიტრალური ყოფილიყო.
„ნამდვილად არ ვიცი, კახა კუჭავას მომავალში რა ელოდება, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო, რადიკალურია, როგორც ჩანს, შიდა ბრძოლა "ქართულ ოცნებაში" გრძელდება ვინ მოიპოვებს მეტ ძალაუფლებას და გავლენას. ეს გადანაცვლებაც სწორედ ამას ემსაუხრება. როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყანაში მეორე პირია, თავისი სურვილით მიდის გაურკვეველი პროექტის მენეჯერად? ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა კარი დახურა, მათ სჭირდებათ ძალიან ხისტი პოზიცია. კახა კუჭავა ცდილობდა საჯაროდ მაინც ყოფილიყო შედარებით ნეიტრალური, თუმცა, ეს მხოლოდ საჯაროდ. რეალურად ის იყო გამხმოვანებელი "ქართული ოცნების" რიტორიკის. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ და კიდევ უფრო ჩიხში შევა და "ქართული ოცნება" შეეცდება თავისი რადიკალური ლიდერების მეშვეობით სრული კონტროლი აიღოს. პრინციპში, "ქართულ ოცნებაში" ადამიანი აღარ დარჩა, ვისაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაელაპარაკებიან. ბოლოს ეს იყო კუჭავა, რომელიც ცდილობდა სახე შეენარჩუნებინა "ქართული ოცნებისთვის" დასავლელ პარტნიორებთან საუბრისას, ეს ადამიანიც ჩაიხსნა. ბუნებრივია, ეს "ქართული ოცნების" მხრიდან, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ამბობდნენ - თქვენ მიხედეთ თქვენს ქვეყნებს და საქმეებს, საქართველოში ჩვენ მივხედავდთო, ასეთ ქმედებებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან რა მოჰყვება, ესეც ცნობილია",- განაცხადა უდუმაშვილმა.