ჩვენი ოპონენტები დღეს დემაგოგიით არიან დაკავებული და ცდილობენ, ყველა საკითხი, რომელიც დედაქალაქის განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და წინსვლას უკავშირდება, საპირისპიროდ წარმოაჩინონ და დახატონ კატასტროფული სურათი, თითქოს რაღაც უბედურება ხდება,-ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, საკრებულო იმ საკითხებზე მსჯელობს, რაც მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
"ყველაფერი აისახება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის კეთილდღეობაზე, რომ მათ ამ ქალაქში უკეთესად იცხოვრონ. ეს არის ამ მოტივაციით განპირობებული. ის, რომ მოქალაქეები უფრო მეტს იხდიდნენ დასუფთავებაში გადასახადს და კერძო სექტორი ნაკლებს, ამის გათანაბრება მოხდება. მეტი წილი წამოვა კერძო სექტორზე",-განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს, მისი თქმით, დაახლოებით 400 ათასი მოქალაქე შეღავათით ისარგებლებს. "მთლიანად მოწესრიგდება სატრანსპორტო სისტემა, ეს არის რეფორმა. ყველა რეფორმას აქვს თავისი დადებითი მხარე, რეფორმებს სჭირდება შეგუება და დრო. თქვენ თვითონ დაინახავთ, რომ ეს რეფორმა უკეთესი იქნება, ვიდრე არსებული სისტემა იყო",-განაცხადა აბაშიძემ.