ინიციატივა, რომლითაც პრეზიდენტი გამოვიდა, არის მნიშვნელოვანი და მისაღები. ჩვენ ამ ინიციატივაში ვერთვებით და აქტიურად ვიქნებით ჩართულები იმისთვის, რომ ჩვენი პოზიტიური როლი შევასრულოთ გარკვეულწილად იმ პოლიტიკურ დეპოლარიზაციაში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკური პროცესისთვის ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრა იყო საქმიანი და მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
„იმ საკითხებზე ვიმსჯელეთ, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს საზოგადოებაში მიღწეული. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფორმატის ფარგლებში არ შეიძლება იყოს საუბარი რომელიმე ინდივიდებზე და მათ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტილებებზე, არამედ ყველა გადაწყვეტილება, რომლის ფორმატზეც იმსჯელებენ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ზეპარტიულ საკითხებზე და ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.