კომიტეტის სხდომაზე რა ინფორმაციაც მოვისმინე, შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ საქართველოს ირგვლივ უსაფრთხოების გარემო არის ძალიან გაუარესებული,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს.
მისივე თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ, რადგან რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები იზრდება და რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით, იქნება დიდწილად განმსაზღვრელი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება საქართველოში.
"ბევრი მგრძნობიარე ინფორმაცია იყო მოწოდებული დეპუტატებისთვის, კომიტეტის სხდომაზე რა ინფორმაციაც მოვისმინე, შთაბეჭდილებას მიტოვებს, რომ საქართველოს ირგვლივ უსაფრთხოების გარემო არის ძალიან გაუარესებული. მგონი, მთავარი საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, არის ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, რადგან რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები იზრდება. ჩვენ ვერც პრაღის ფორმატი და ვერც ჟენევის მოლაპარაკებები საფრთხეებს ბოლომდე ვერ აგვაცილებს. ამიტომ პარტნიორებთან საჭიროა მუდმივი კონტაქტი და მუდმივი შეხსენება იმის, რომ შეიძლება, საბოლოო ჯამში, რუსეთის ეს ნაბიჯები ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ნამდვილად არის კრიტიკული მომენტი, ამიტომ, ამ კუთხით გვმართებს სიფხიზლე და ის, რომ საფრთხეებს ერთად წინ აღვუდგეთ.
ვაკვირდებით, რა ხდება უკრაინის ირგვლივ, თუმცა უკრაინა რუსეთის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია და ამ სტრატეგიის ნაწილია ასევე საქართველოს დამორჩილებაც. ამიტომ, ის, თუ რა მოხდება უკრაინაში, დიდწილად განსაზღვრავს შემდეგ იმას, რა მოხდება საქართველოში,"- განაცხადა სამხარაძემ.