პრეზიდენტის აზრი არის და მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ ეროვნული თანხმობა იყოს საზოგადოების ჩართულობით და საზოგადოებასთან ერთად იქნებ გადავლახოთ ის წუხილი, ის დაპირისპირება, ბრაზი, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან ბევრი წელია, - განაცხადა პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც დოლიძე განმარტავს, შეხვედრებზე იქნება ბევრად მეტი ჯგუფის ჩართულობა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკოსების, მაგრამ შეთანხმების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, კონტურების პოლიტიკოსებთან გამოკვეთა.
„როგორც ჩანს, აქ იქნება ბევრად მეტი ჯგუფის ჩართულობა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკოსების. შესავალი თანხმობაში არის ამ პროცესის კონტურების გამოკვეთა სწორედ პოლიტიკოსებთან იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ როგორც ჩანს, აქ იქნება კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, პროფესიულ ჯგუფებთან მათ შორის ეროვნული შეთანხმების მიზნით. ეროვნულ შეთანხმებაში რომელი პერიოდი იგულისხმება ეს ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იგულისხმება იმ დაყოფის გადალახვა, როგორი დაყოფაც ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი ხანია.
პრეზიდენტის აზრი არის და მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ ეროვნული თანხმობა იყოს საზოგადოების ჩართულობით და საზოგადოებასთან ერთად იქნებ გადავლახოთ ის წუხილები, ის დაპირისპირება, ბრაზი, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან ბევრი წელია. მოდით, ვთქვათ სიმართლე, „ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანას მართავს ბრაზის და სიძულვილის მეშვეობით იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც უკმაყოფილებები ქვეყანაში არსებობს. იმის მაგივრად, რომ ეს გადალახოს, ამას პოლიტიკურად იყენებს ხელისუფლება", - განაცხადა ანა დოლიძემ.
როგორც ანა დოლიძე დასძენს, მას შერიგების პროცესი წარმოუდგენია პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან და პოლიტიზირებულ უსაფრთხოების სამსახურთან სისტემურად გამკლავებით. მისი აზრით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი პატიმარი იყოს ციხეში, ამ სასამართლოს პირობებში გარანტია არ გვაქვს, რომ ერთის გამოსვლის შემთხვევაში, სასამართლო არ დაიჭერს მეორეს. მისი აზრით, საჭიროა ამ სისტემაზე საუბარი.
„იმისთვის, რომ სისტემურად გამოვძვრეთ ჩვენ იმ პრობლემიდან, რასაც ჰქვია პოლიტიკური მართლმსაჯულება, ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ სისტემურად. დღეს ერთ პატიმარს გამოუშვებენ, ხვალ მეორეს დაიჭერენ, ზეგ მესამეს. 30 წელია ასე ვართ, არავის მოუნდომებია, ის დაემარცხებინა სისტემურად. თუ ეს იქნება შერიგების პროცესი, მე ეს წარმომიდგენია როგორც პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, მათ შორის, პოლიტიზირებულ უსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის, სისტემურად გამკლავების პროცესი. ეს იდეა დაყენებული მაქვს ძალიან დიდი ხანია. კონკრეტულად რაც არ უნდა მნიშვნელოვანი პატიმარი იყოს, ის გამოვა დღეს, ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ჩვენი სასამართლო არ დაიჭერს ვინმეს ხვალ და ჩვენ თუ სისტემაზე არ ვისაუბრეთ, მაშინ გამოდის რომ ამ დაჭერებით უნდა გვმართოს ამ ხელისუფლებამ", - განაცხადა ანა დოლიძემ.