საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ჟენევის ფორმატის შესახებ დისკუსია დახურულ ფორმატში გააგრძელა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, არის სურვილი, რომ სხდომა დაიხუროს, რადგან არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ღია ფორმატში ვერ ისაუბრებენ.
„ზოგადი მოხსნებით დავიწყოთ და მერე არის სურვილი, რომ სხდომა დაიხუროს, იმიტომ, რომ არის საკითხები, რომლებზეც ღია ფორმატში ვერ ვისაუბრებთ და შესავალი სიტყვის შემდეგ სხდომას დავხურავთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სხდომის დახურვამდე შესავალ სიტყვაში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟენევისა და პრაღის ფორმატებთან დაკავშირებით ზოგადი ანგარიში წარმოადგინეს.