ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ინფორმაციით, ქართული საკოლექციო მონეტები უცხოეთის ზარაფხანებში მაღალი პროფესიონალიზმით მზადდება.
საკითხით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ფრიდონ ინჯია დაინტერესდა. როგორც ინჯიამ განაცხადა, საიუბილეო მონეტების ჩამოსხმა საქართველოს ზარაფხანაში ხდებოდა, ხოლო დღეს საზღვარგარეთ ხდება. ინჯიამ იკითხა, თუ რამდენად მისაღებია ეროვნული ბანკის მონეტების საზღვარგარეთ ჩამოსხმა.
როგორც დეპუტატის პასუხად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, მის პერიოდში მონეტების ქართულ ზარაფხანაში ჩამოსხმა არ ხდებოდა და არ აქვს ინფორმაცია, თუ რა დროს გაჩერდა.
“როდესაც მონეტები მზადდება, ძალიან მაღალი სტანდარტის უნდა იყოს. ქართულ მონეტებს იაპონიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ინგლისის ზარაფხანები ამზადებს და ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით მზადდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.