ჯანმო - სახელმწიფო დანახარჯების გაზრდა პირველად ჯანდაცვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პოლიტიკის ნარკვევი „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსებისგადასინჯვა“ მთავრობის ვალდებულების მხარდასაჭერად, გააუმჯობესოს პირველადი ჯანდაცვის სერვისები. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნარკვევი მოიცავს რეკომენდაციებს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებელთა დაფინანსების დასახვეწად, რათა მოხდეს შედეგების გაუმჯობესება და სახელმწიფო დანახარჯების სარგებლიანობის გაზრდა, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ბიუროში განმარტავენ, COVID-19-ის პანდემიამ დაგვანახა, რომ მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის აღდგენისათვის. გამოცემა ემთხვევა საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის (Universal Health Coverage) დღეს (12 დეკემბერი), რომელიც ეფუძნება პრინციპს, რომ ყველა ადამიანს, ადგილმდებარეობის მიუხედავად, უფლება აქვს მიიღოს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები ფინანსური შეჭირვების გარეშე.

მათივე ინფორმაციით, ნარკვევი ასახავს ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად: მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები პირველად ჯანდაცვაში, პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და უფასო მისი გამოყენების ადგილზე და უნდა მოხდეს დაფინანსების სისტემის გადახედვა, რათა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების ანაზღაურების ადეკვატური დაფინანსება.

„დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად. ადეკვატური სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის მიღწევა“,- აცხადებს WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი ტრიინ ჰაბიხტი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია. მათი ცნობით, 2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო. თუმცა, ნარკვევი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ დაფინანსების ზრდა, რარიგ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ვერ გამოიწვევს სასურველი შედეგის მიღწევას.

„მხოლოდ დაფინანსების სისტემაში ცვლილებები არ არის საკმარისი. ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას მეტი მედიკამენტი და მეტი ადამიანი. აუცილებელია ფასების უფრო მკაცრი რეგულირება, გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართო მოხმარება და მედიკამენტების რაციონალური გამოწერისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმა. ასევე ინვესტიციის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის მუშაკებში, გაუმჯობესებული მიმაგრება-რეგისტრაცია და ციფრული მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს კარგი პერფორმანსის სტიმულირებას“, - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა