გია ხუხაშვილი - თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს იქნება პოლიტიკური დევნა - გაიზრდება უფსკრული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, „ფულის გათეთრების“ საქმე არის სრული აბსურდი და თუ ბრალდებულებისადმი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ისევე როგორც ზოგადად პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის „უფსკრული გაიზრდება“.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში, გამოვა, რომ ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს „იმ მანკიერი მართლმსაჯულების ოპერირებას, რასთან წინააღმდეგობის ტალღაზეც თავის დროზე ხელისუფლებაში მოვიდნენ“.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მართლმსაჯულებისადმი ნდობა ნულოვანია, რამდენადაც მე ვიცნობ „ფულის გათეთრების“ საქმეს, ეს ბრალდება არის სრული აბსურდი. იქ შეიძლებოდა სხვა თემებზე აპელირება, მაგრამ ხელისუფლებამ როდესაც დევნა დაიწყო, პრობლემა იყო ის, რომ ნებისმიერ სხვა კვალიფიკაციაზე ხანდაზმულობის ვადა იყო დარღვეული, შესაბამისად, ამიტომ დასჭირდათ ამ მუხლით საქმის აღძვრა. თუ აღნიშნული ბრალდებითა და მუხლით გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს ჩემთვის იქნება ცალსახა პოლიტიკური დევნა და მეტი არაფერი. გამოვა, რომ ჩვენი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს იმ მანკიერი მართლმსაჯულების ოპერირებას, რასთან წინააღმდეგობის ტალღაზეც მოვიდნენ თავის დროზე ხელისუფლებაში. ანუ ეს ნიშნავს, რომ არანაირი დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში არ არის, მართლმსაჯულება არის ანგაჟირებული, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული და ასე შემდეგ.

თავისთავად გაიზრდება უფსკრული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ასევე საერთოდ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის. კიდევ უფრო დაგვაშორებს იმ ინტეგრაციას, რისკენაც თითქოს ვისწრაფვით. გუშინ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შედგა, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ მთავარია კანონის უზენაესობა. ამის გარეშე ქვეყანაში არანაირი ევროინტეგრაცია არ იქნება და თუ შენ იღებ პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია უარს ამბობ აღნიშნულ მთავარ ფასეულობაზე", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა