პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ჯგუფის ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესი მარტივდება.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატებისა და მათთან ერთად, პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ცვლილებების შეტანას რეგლამენტში ითვალისწინებს, 86-ხმით, ერთხმად მიიღეს.
რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ორ დეპუტატს შეუძლია. პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც ფრაქციას გააჩნია.
ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრების მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის პარლამენტიდან წასვლის შედეგად, ორი ოპიზიციური ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და“რეფორმების ჯგუფი“ დაიშალა. პარტია “ლელოს“ სიით გასულმა დეპუტატებმა ბადრი ჯაფარიძემ, დავით უსუფაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა, რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, 3-კაციანი პოლიტიკური ჯგუფი უკვე შექმნეს, თუმცა პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიან “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, რადგან ისინი პარლამენტში არა ერთი პარტიის, არამედ საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ. ასევე, პოლიტიკური ჯგუფებად ვერ ერთიანდებიან სხვადასხვა პარტიების სიით გასული ის დეპუტატები, რომლებიც ახლა პარლამენტის უფრაქციო წევრები არიან.
დეპუტატების სალომე სამადაშვილის, თეონა აქუბარდიას და პაატა მანჯგალაძის ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ 2-წევრს (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური ოდენობის დანაწესისა) ექნება შესაძლებლობა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.