საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. არჩევნებში მონაწილეობა 39-მა დელეგატმა მიიღო და ყველამ მხარი დაუჭირა.
ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მანამდე კი, ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და ვიქტორ სანიკიძემ 8 დეკემბერს ფედერაციაში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც გურასპაულმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც ვიქტორ სანიკიძემ აღნიშნა, ის აპირებს, რომ კალათბურთი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს.
"მზად ვართ მთელი გუნდი, ყველა იმ გამოწვევას, რაც კალათბურთშია ღირსეულად ვუპასუხოთ და კალთბურთი გახდეს კიდევ უფრო აქტუალური. სრულად ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას რაც მაქვს აღებული, პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ წარმატებაზე, რაც წინ გველოდება. დარწმუნებული ვარ, რომ ევრობასკეტის დიდი ღონისძიება, რაც დაგეგმილია, ღირსეულად გავართმევთ თავს", - განაცხადა სანიკიძემ და აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა კალათბურთის განვითარებაა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლით აირჩიეს.