ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიხსნა, თემაზე: „ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების კონცეფცია". ამის შესახებ
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქუთაისის თვითმმართველობა და გერმანიის საერთაშორისო განვითარების ფონდი. კონფერენციის მიზანია, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით, თვითმმართველობებისთვის იმ ხედვებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარება, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას ბიზნესის მხარდაჭერაში.
„მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას ვმასპინძლობთ დღეს. გაეროს განვითარების პროგრამის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად , 2 დღის მანძილზე ვიმსჯელებთ იმ მოცემულობებსა და შესაძლებლობებზე, რაც დაგვეხმარება ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაში. კონფერენციის მუშაობაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
დარწმუნებული ვარ, კონფერენციის მუშაობა იქნება წარმატებული, რაც საშუალებას მოგვცემს, შევადგინოთ სამუშაო გეგმა და ადგილობრივ ბიზნესს მხარი დავუჭიროთ სტრატეგიული განვითარების პროცესში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.