გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოსაუბრის შედეგებზე აშშ-სა და რუსეთის, ევროკავშირ-ნატო-რუსეთის ურთიერთობების სავარაუდო შედეგებზე და იმაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს და თუ მოვლენები ასე განვითარდა, როგორი იქნება მასზე აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს რეაქცია, „ინტერპრესნიუსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი კუნაძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დიდი ხანია ცდილობდა დალაპარაკებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს და მისგან მიეღო დაპირება, რომ აშშ ხელს არ შეუწყობდა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

გარდა ამისა, პუტინს უნდოდა ბაიდენისაგან მიეღო თანხმობა რომ აშშ ხელს მოაწერდა შეთანხმებას ნატოს გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე უარს იტყოდა იმ ტერიტორიებზე ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებაზე, რომელსაც რუსეთი მისი ინტერესებისა და გავლების სფეროდ ისტორიულად თვლის.

ამ ორივე თემაზე აშშ-ს არა ერთხელ აქვს გამოთქმული თავისი პოზიცია, მაგრამ ახლა ვითარება იმის გამოა გართულებული, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ჯარები ჰყავს მობილიზებული. ბევრი სერიოზულად გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-სა და რუსეთის ლიდერების საუბრის შედეგებს?

- ბაიდენ-პუტინის საუბრის შედეგებზე შეიძლება ვიმსჯელოთ ძირითადად ირიბი დამახასიათებელი ნიშნებით ან როგორც ყავის ნალექზე ვიმარჩიელოთ, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივე.

მაგალითად, ძნელი არაა ვივარაუდოთ, რომ დიდი ომი უკრაინაში, მითუმეტეს ბირთვული ომი, რაზეც ვისაც არ ეზარება ასე თამამად მსჯელობს რუსეთის ტელევიზიებში, არ იქნება.

მაგრამ, ასე რომ იქნებოდა მეტ-ნაკლებად გასაგები იყო მანამდეც. ცხადია ასევე, რომ ორივე მხარე ისაუბრებს თავის მშვიდობისმყოფელობაზე და იმაზე, რომ მოლაპარაკების პროცესში მეორე მხარის დათმობებზე დაყოლიება ძნელი იყო.

ჟანრის კლასიკაა, მაგრამ ასეთი ვითარება კარგის მომასწავებელი არაა, რადგან სწორედ ასე იწყებოდა თითქმის ყველა ომი. მიუხედავად ამისა, როგორ ჩანს, ამჯერად გადავრჩით.

- ყველა გარემოების გათვალისწინებით თქვენ თვლით, რომ რუსეთის უკრაინასთან ომის ალბათობა დიდი არაა?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ასე იქნება. მაგრამ, როგორც ამბობენ, უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესობისთვის უნდა ემზადო.

რუსეთი კარგა ხანია ზრდის ფსონებს უპასუხისმგებლო თამაშში და დაძაბულობას ქმნის, რაზეც გარკვეული დროის შემდეგ აშშ ცდილობს საკმაოდ ხისტად და მკაფიოდ უპასუხოს.

რაც გასაკვირი არაა, რადგან ბატონ პუტინის მიერ უკრაინის, როგორც სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით დახაზულმა „წითელმა ხაზებმა“ აშშ ძალიან გააბრაზა.

გარდა ამისა, აშშ-სადმი გაკეთებული გზავნილი, რომ მან არ დაუშვას უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება, ამერიკელებისთვის აშკარად შეუსრულებელი მოთხოვნაა.

რა თქმა უნდა, აშშ ალიანსის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, მაგრამ, სწორედ ამიტომ აშშ არ დაუშვებს ალიანსის სხვა წევრებს ამ თემაზე რამე უკარნახოს. იმ შემთხვევაშიც კი, მას რომ ამის სურვილი ჰქონდეს. მითუმეტეს რუსეთის სასარგებლოდ, რომელიც როგორც ცნობილია, ცივილიზებულ მსოფლიოში კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს.

- რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მაინც დაიწყებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და დასავლეთი საპასუხოდ რუსეთს გაუთიშავს SWIFT-ის საბანკო სისტემას?

მინისტრი ლავროვი უკვე დაიმუქრა, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს ბირთვული იარაღი? ნუთუ ასეთი რამ მართლაც შესაძლებელია?

- სრულიად შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მსგავსი ლავროვს არ უთქვამს და თქმაც არ შეეძლო - თანამდებობით ის „ქორია“, მაგრამ იდიოტი არაა.

თუმცა, დიახ, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარები რუსეთში სულ უფრო ხშირად ისმის. ვთვლი, რომ ამგვარი ქცევა სახიფათო სიგიჟე და უგუნურებაა.

- მიუხედავად ამისა მაინც უნდა გკითხოთ - იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მაინც დაიწყო, სავარაუდოდ, როგორ მოიქცევა აშშ, ევროკავშირი და ნატო?

- ამერიკელები უკვე დაიმუქრნენ „საშინლად აგრესიული სანქციებით“, რომლებსაც იგი გარკვეულ ვითარებაში დააწესებს რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, ამერიკელები არ იომებენ, მაგრამ ამერიკა გააგრძელებს უკრაინისთვის ამერიკული ლეტალური იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდებას, არაა გამორიცხული, რომ აშშ-მ უკრაინაში გაგზავნოს არა მარტო ამერიკელი სამხედრო მრჩევლები. ეს იქნებოდა ესკალაციისა და დაძაბულობისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი.

როგორც ჩანს, რუსეთისა და ამერიკის ლიდერებმა გვერდი ვერ აუარეს ორმხრივ ურთიერთობებში მტკივნეულ თემებს. მაგალითად ისეთ თემას, როგორიცაა ორივე მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები დიპლომატიურ წარმომადგენლობის საქმიანობის შეზღუდვის შესახებ.

იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში პროგრესი მაინც იქნება მიღწეული. თუმცა, ბოლო პერიოდში მხარეებმა მოასწრეს უაზრო გადაწყვეტილებების მიღება, რუსეთის შემთხვევაში უკანონო გადაწყვეტილებებიც კი იქნა მიღებული.

სწორედ ასე შევაფასებდი მე რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ამერიკულ დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში მუშაობა. ვთვლი, რომ ასეთი შეზღუდვა შეიცავს მუშაობის უფლებაზე საკონსტიტუციო უფლების დარღვევის ნიშნებს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა