ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ მუშაობა განაახლა, სადაც პუჩინის „ტოსკას“ განახლებული დადგმის ჩვენება გაიმართა, რომელშიც საგანგებოდ მიიწვიეს სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე. ამის შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის ინფორმაციაშია ნათქვამია.
„როგორც მოგეხსენებათ პანდემიის დროს მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრი დაკეტილი იყო. მათ შორის ნიუ - იორკის მეტროპოლიტენ ოპერაც. სულ რამდენიმე ხნის წინ თეატრმა განაახლა მუშაობა. მეტროპოლიტენის სცენაზე გაიმართა პუჩინის „ტოსკას“ განახლებული დადგმის ჩვენება, რომელშიც საგანგებოდ მიიწვიეს სახელგანთქმული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე. იგი 11 სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას. ვინც ამ პერიოდში მოხვდება ნიუ-იორკში, ვისაც აქვს სურვილი ნახოს დევიდ მაკვიკარის მიერ დადგმული „ტოსკა“ და მოუსმინოს ჩვენს სახელოვან მომღერალს სკარპიას როლში, ამის შესაძლებლობა იანვრის ბოლომდე ექნება. გიორგი გაგნიძეს პარტნიორობას უწევენ ასევე სახელგანთქმული სონდრა რადვანოვსკა და ბრაიან იაგდი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გიორგი გაგნიძის თქმით, მეტროპოლიტენ ოპერას სცენაზე 100 სპექტაკლზე მეტი აქვს შესრულებული.
„პანდემიის დაწყებიდან წლინახევრის შემდეგ კვლავ მომიწია ნიუ-იორკში ჩამოსვლა, ამ ულამაზეს ქალაქში. მეტროპოლიტენ ოპერას სცენაზე 100 სპექტაკლზე მეტი მაქვს შესრულებული, მათ შორის 30 „ტოსკა“. მე მახსენდება ის პირველი წლები, მაესტრო ჯეიმს ლივაინი, ვისთანაც ვიმღერე პირველი პრემიერა მეტროპოლიტენში. ეს იყო „ტოსკა“. უბედნიერესი ვიყავი მაშინ აქ რომ ვიმყოფებოდი და ეხლაც უბედნიერესი ვარ, რომ ნიუ-იორკის სახელგანთქმულ ოპერის თეატრში სეზონს „ტოსკით“ ვხსნი. მე სკარპიას როლს ვასრულებ შესანიშნავ ქასტთან ერთად, ეს არის სონდრა რადვაინოვსკა, ბრაიან იაგდი და დირიჟორობს სპექტაკლებს თეატრის მთავარი დირიჟორი იანიკ ნეზეტ-სეგუინი. დადგმა არის ძალიან ცნობილი რეჟისორის დევიდ მაკვიკერის, საკმაოდ ტრადიციული და ლამაზი“,-ამბობს გიორგი გაგნიძე.
სპექტაკლის შემდეგ მეტროპოლიტენ ოპერას მთავარმა დირიჟორმა განაცხადა, რომ „ეს არის ჩემი სანატრელი შემადგენლობა - სონდრა რადვაინოვსკა, ბრაიან იაგდი და გიორგი გაგნიძე. დიდი პატივია რომ ასეთ შესანიშნავ მომღერლებთან ერთად მიწევს მუშაობა“.
„ტოსკას“ წარმატებულ სპექტაკლს ბომბის აფეთქებას ადარებდა NY Times. მეყურებელთა ოვაციები დიდი ხანი არ ცხრებოდა. დაიწერა მრავალი რეცენზია. ცნობილი კრიტიკოსი ჯორჯ გრელა Newyorkclassicalreview - ში წერდა: გაგნიძე იყო შესანიშნავი სკარპია, შთამბეჭტავი, მაგრამ არა უხეში. მის სიმღერაში შინაგანი ცხოვრება და მამოძრავებელი ძალა იგრძნობოდა, რაც გამოარჩევდა მას ბრაიან იაგდთან სცენებში. მეორე აქტის გადამწყვეტ დაპირისპირებაში კავარადოსისთან, გაგნიძე თავისი პერსონაჟის სოციოპათურ დამაჯერებლობას გადმოგვცემდა. სკარპია ტოსკას განიხილავს როგორც სოციალურად არასრულფასოვან პიროვნებას, რომლითაც მას შეუძლია მანიპულირება. გაგნიძემ ეს ელიტარული ზიზღი გადმოსცა თავის სიმღერაში ერთგვარი ბრავადით და თავგანწირულობით“, - აღნიშნა მეტროპოლიტენ ოპერის მთავარმა დირიჟორმა.
NY Times -ში ცნობილი კრიტიკოსი ენტონი ტომაზინი წერდა, რომ სკარპიას ვეტერანი ბარიტონი გიორგი გაგნიძე განასახიერებდა. გაგნიძემ თავისი სკარპია გამოძერწა. მან გადმოსცა პერსონაჟის სიბრაზე და ამავე დროს მისი არისტოკრატიული ზიზღი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.