მოსამართლე ვერ გათვლიდა 2006 წელს, რომ შემდეგ ახალი მტკიცებულებები აღმოჩნდებოდა ამ საქმეში, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო სანდოძემ გია გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. აღნიშნულით მან „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთ წევრს ფრიდონ ინჯიას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ გია გვიჩიანის საქმეზე სანდოძის გადაწყვეტილება არასწორი აღმოჩნდა.
„აბსოლუტურად ყველა ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასუხს და ვთვლი, რომ არც ერთი მათგანის გამოტანის დროს არ დამირღვევია კანონმდებლობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, თუ მოსამართლე იმის შიშით იქნება, რომ მომავალში, 5 წლის, 10 წლის შემდეგ გამოვლინდება ახალი მტკიცებულება და ამის შიშით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო მიიღებს შეშინებულ მოსამართლეს, რომელიც გადაწყვეტილებას კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიღებს.
ცალსახად ვაფიქსირებ, მტკიცებულებები, რომელიც არსებობდა 2006 წელს, დღევანდელი სტანდარტითაც კი იძლევა საფუძველს, გამამტყუნებელი განაჩენი იქნეს გამოტანილი. რა მოხდა 2006 წლის შემდეგ, ჩატარდა ახალი გამოძიება, რომელმაც მოიპოვა ახალი მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები და საექსპერტო დასკვნები, რომლებმაც ერთობლიობაში საფუძველი შეურყია 2006 წელს არსებულ მტკიცებულებებს. ასე რომ, მოსამართლე ვერ გათვლიდა 2006 წელს, რომ შემდეგში ახალი მტკიცებულებები აღმოჩნდებოდა ამ საქმეში. მორალურად შეიძლება არც ერთ მოსამართლეს არ მოეწონოს, როცა შემდეგში მის მიერ განხილულ საქმეზე ახალი გარემოებები აღმოჩნდება და განაჩენი შეიცვლება. მე ავიღებდი პასუხისმგებლობას და თქვენ შენიშვნასაც მივიღებდი, რომ მორალური უფლება არ მექნებოდა თქვენ წინაშე წარვმდგარვიყავი იმ შემთხვევაში, თუ ერთი პროცენტით მაინც ჩავთვლიდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე“, - განაცადა სანდოძემ და დასძინა, რომ მან „აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო“.