საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მთავარ და აქტუალურ საკითხზე - ახალგაზრდების და ბავშვების დაცულობაზე ციფრულ სივრცეში. მოხსენება ეხებოდა ამ მიმართულებით მთელ რიგ მექანიზმებს, როგორც მედია წიგნიერების დანერგვის და გაძლიერების, ისე სხვადასხვა მედია პლატფორმების, მათ შორის, სოციალური მედიის სივრცეში დაცვის მექანიზმებს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.
„ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან ახალგაზრდები ატარებენ მეტ დროს ციფრულ სივრცეში. ერთის მხრივ, ეს არის მათთვის შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, ეძლევათ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა პლატფორმებზე, იზრდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ონლაინ კომუნიკაციის საშუალება, განსაკუთრებით განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით, თუმცა მეორეს მხრივ, ციფრული სივრცე სავსეა მთელი რიგი საფრთხეებით. ბავშვები და ახალგაზრდები, როგორც მოწყვლადი ჯგუფი არიან დაუცველები დეზინფორმაციისაგან, ძალადობრივი ენისგან, სიძულვილისგან და მთელი რიგი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან და ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი ჩათრევის საფრთხისგან", - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.
მომხსენებელი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც კარგი საერთაშორისო სტანდარტია და გულისხმობს ბავშვების დაცულობას ამ საფრთხეებით და ხიფათით სავსე პროცესებში.