„მთავარი არხის“ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია შევიდა და კანონის არასწორი ინტერპრეტაციით დააჯარიმა დამოუკიდებელი მედია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა,.
მისივე თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა რამენაირად მოახერხოს თავისუფალი მედიის მაქსიმალურად შევიწროება.
„მთავარი არხის“ დაჯარიმება არის მორიგი შეტევა თავისუფალ მედიაზე. აშკარად შერჩევით სამართალს და მიკერძოებულობას აქვს ადგილი მაშინ, როდესაც კომუნიკაციების კომისია არ ერევა, ან მცირე ზომით აჯარიმებს იმ ტელეკომპანიებს, რომლებიც მართულია ხელისუფლების მიერ. ეს ტელეკომპანიები პირდაპირ არღვევენ კანონს, როდესაც არ უშვებენ ამა თუ იმ პოლიტიკურ რეკლამას.
„მთავარი არხის“ შემთხვევაში ის პირიქით შინაარსში შედის და კანონის არასწორი ინტერპრეტაციის აჯარიმებს დამოუკიდებელ მედიას. ბუნებრივია ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა რამენაირად მოახერხოს თავისუფალი მედიის მაქსიმალურად შევიწროება", - განაცხადა ბობოხიძემ.
შეგახსენებთ, კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 7 და 18 ნოემბერს ტელეკომპანიამ ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა. როგორც კომისიაში განმარტავენ, ანალოგიური სამართალდარღვევისთვის „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.