წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულის საკითხები განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობა 2019 წლის შემდეგ მიმდინარეობს. აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც მუშაობდა წამლის კანონის ნაწილზე, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, რომელმაც შეისწავლა ბაზარი და დადო არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ამასთან მიმართებაში.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დაგვენახა ამ ბაზრის პრობლემა სხვა ჭრილში და აქედან გამომდინარე ჩავრთეთ კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უკვე დაასრულა თავის ხედვებზე მუშაობა, მათ აქვთ მკაფიო 11 რეკომენდაცია. დღეის შემდეგ ჩვენ, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით უკვე გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორიც სილვიუ დომენტე ესწრებოდა.

სილვიუ დომენტემ განმარტა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზის მიხედვით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების 70% სწორედ მედიკამენტებზე მოდის.

„მედიკამენტების ფასი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში და გლობალურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ფინანსური ანალიზი გააკეთა, რამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ასევე შევისწავლეთ მედიკამენტების შესყიდვისა და მომარაგების ნაწილი. მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა „ჯანმო“-ს რეგიონალურმა დირექტორმა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანი სწორედ, მომხმარებლის მხრიდან, მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა.

„მადლობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეხვედრის ორგანიზებისთვის, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დარგის ექსპერტებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან, დარგის მარეგულირებელთან ერთად განვიხილოთ, ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები შესაბამისად აისახოს საკანონმდებლო ცვლილებებში,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, წამლის ფასის რეგულირების ნაწილზე მუშაობა ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს.

„ჩვენ მოვახდინეთ არსებული საკანონმდებლო ბაზის რევიზია, რომელიც ამ მიმართულებას არეგულირებს. ეს კანონმდებლობა არის 2009 წელს მიღებული და მოძველებული. ამიტომ ჩვენ, როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იქნება უფრო მეტად დახვეწილი და ის უზრუნველყოფს, რომ ამ სექტორში ბაზარი იყოს დარეგულირებული და გახდეს შესაძლებელი, რომ მედიკამენტი ქვეყანაში იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეხვედრაზე მოხდა სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტება, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინიციატივებს შეიმუშავებს, რასაც საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა. პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა