ჩემი ვარაუდი არის ერთადერთი, რომ პროვოკაციას ოპოზიცია გამოიწვევდა, აბა ჩვენ რა გვაქვს საპროვოკაციო? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
„ხვალიდან სულ დაისვენებთ. ამიტომ, დამშვიდდით, ჩვენც კარგად ვიქნებით, თქვენც და ყველაფერი კარგად იქნება. რა მოხდა? საქართველოში ფიზიკური დაპირისპირება არ ვარგა“, - განაცხადა ოდიშარიამ და უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რაც 62-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა.
„თქვენ ამბობთ, რომ ლოტკინიდან იყო ვიღაც მობრძანებული, არ იცით ლოტკინი. ლანა გალდავა ვინ არის? ეტყობა არც თქვენ და არც ლანა გალდავა ლოტკინზე არ ხართ ნამყოფი, სად ლოტკინი და სად ვაზისუბანი. ჩემს მეგობრებთან და შვილთან ერთად მოვედი, არანაირი აგრესია არ მაქვს თქვენ მიმართ, რა გჭირთ“, - მიმართა ოდიშარიამ ჟურნალისტებს.
როგორც მან აღნიშნა, ეჭვობს, რომ არეულობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიწვია.
„ხალხს რაში სჭირდება პროვოკაცია. კახა კალაძე რომ მოგებულია, თქვენ ეს უკვე ოქტომბრის დასაწყისში იცოდით. მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი. ჩემი ვარაუდი არის ერთადერთი, რომ პროვოკაციას ოპოზიცია გამოიწვევდა, აბა ჩვენ რა გვაქვს საპროვოკაციო“,-განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბნის ტერიტორია უკვე დატოვა, სადაც ცოტა ხნის წინ მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ უბანზე შუქი ჩაქრა და სწორედ ამის გამო მივიდა იქ ნიკა მელია. როგორც მან განაცხადა, შუქის ჩაქრობა გაყალბების მცდელობა იყო. 62-ე უბანზე ელექტროენერგია უკვე აღდგა და საარჩევნო პროცესი გაგრძელდა.