დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხები, მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მომხსენებელმა, ბექა ოდიშარიამ, მოკლე ანალიზი გააკეთა კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოებზე.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან ისაუბრა ყოველწლიურ დიასპორულ საგრანტო პროგრამებზე, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით წარმატებით ახორციელებს.
„კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელება მომავალშიც, რადგან მოიცავს უცხოეთში მცხოვრები ასეულობით ჩვენი თანამემამულის დიასპორულ ინიციატივებს.
ბექა ოდიშარიამ ისაუბრა ლევილის მამულის რეაბილიტაციის თემაზეც. აღნიშნა, რომ ვინაიდან საკითხი გადავიდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მნიშვნელოვანია ცალკე საკომიტეტო მოსმენა დაეთმოს ამ თემას, შესაბამისი უწყების მონაწილეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ კვლავ გაგრძელდება პანდემიის პერიოდში დანერგილი პრაქტიკა და გაიმართება ონლაინ შეხვედრები და კონფერენციები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობით.
კომიტეტის წერების მხრიდან გამოითქვა სურვილი ჩატარდეს მოსმენა დიასპორულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებული პროექტების შესახებ, ვინაიდან პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა კომიტეტის წევრების ღონისძიებაში ჩართვა.