რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე მისასვლელი 5.7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და მდინარე ჯონოულაზე ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.
დეპუტატმა განახლებული გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან, სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სახიდე გადასასვლელი, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ნამარნევის (ნავანები) უდაბნოს ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევებთან მისასვლელი 400 - მეტრიანი საფეხმავლო გზაც.
ჩქუმიდან სოფელ ქულბაქამდე მისასვლელი გზის პროექტის ფარგლებში, დაიწყო მდინარე ჯონოულაზე დაზიანებული 21 მეტრიანი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია.
“რეაბილიტაციამდე ჩქუმი-ქულბაქის გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა და გზის რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივები და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობენ'', - აცხადებს გოჩა ენუქიძე.