„ლელოს“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება და 32 წლის წინ გამართულ აქციას იხსენებს, რომელიც 1989 წლის 18 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაიმართა.
კაციტაძის განმარტებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართული მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, სადაც სტუდენტების მიერ მოწვეული იყო მერაბ კოსტავა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ზუსტად ერთი კვირა დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური ფონი ყოველდღიურად იძაბება. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ჩვეულებრივ ამბად იქცა, ლანძღვა-გინება, პროვინციული ქილიკი, დაშინება, იაფასიანი პასკვილებით პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციის მცდელობა და ეს ყველაფერი ხორციელდება სამაგალითო დილეტანტიზმის დემონსტრირებით.
22 ოქტომბერს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებობს აზრი, თითქოს 1989 წლის 18 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართულ მიტინგზე მამუკა ხაზარაძემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული მოძრაობის ლიდერს მერაბ კოსტავას და რომ ეს აზრი ითხოვს განმარტებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭორი არ არის ახალი, ამ შეთითხნილ ბრალდებასთან დაკავშირებით გაიმართა სასამართლო პროცესი და არსებობს სისრულეში მოყვანილი სასამართლო განჩინება, რომ ცხადზე ცხადია, ოცდათორმეტი წლის წინანდელი მიტინგის გახსენება დღეს, მრავალპარტიული კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის კომპრომეტაციას ისახავს მიზნად, მინდა ჩემ ხელთ არსებული ინფორაცია მივაწოდო საზოგადოებას, მათ შორის გიორგი ვოლსკის.
1989 წლის 18 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართული მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით (ისე როგორც მაშინდელი ყველა საპროტესტო აქციისა), მიტინგზე სტუდენტების მიერ მოწვეული იყო მერაბ კოსტავა. გვქონდა ინფორმაცია, რომ საბურთალოს პოლიციას და სტუ-ს კომკავშირის კომიტეტს მიტინგი უნდა დაერბიათ. დაპირისპირება სერიოზულ და ხანგრძლივ ჩხუბში გადაიზარდა. სხვათაშორის ეს ჩხუბი ორი დღის შემდეგ, ჯუმბერ პატიაშვილის კაბინეტში გაგრძელდა, სადაც შესარიგებლად მიგვიწვიეს", - წერს "ფეისბუქ" გვერდზე მამუკა კაციტაძე.
მისივე თქმით, ის თავად იყო18 თებერვლის მოვლენების შემსწავლელი კომისიის წევრი და როგორც მოწმემ, სასამართლოს თავად მიაწოდა ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ რა მონაწილეობას იღებდა აქციის დარბევაში.
"9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ, 18 თებერვლის მოვლენების შემსწავლელი კომისია შექმნა ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის წევრიც ვიყავი. სამთვიანი მუშაობის შემდეგ დაიდო დასკვნა, რომლის მიხედვით ნათელი გახდა: როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მიტინგის დარბევა და ვინ რა მონაწილეობას იღებდა ამ დარბევაში! ეს ინფორმაცია, როგორც მოწმემ, მივაწოდე ზემოთხსენებულ სასამართლოს. კომისიის დასკვნის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს, არც დაგეგმვაში, არც დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია, მან და ორმა მისმა კოლეგამ, ერთი საათით ადრე დატოვა ტერიტორია. ეს გახლავთ ოფიციალური ინფორმაცია.
ეს ინფორმაცია შეიძლება ზოგს მოეწონა, ზოგს არა, ზოგს ჩაეშალა მაკომპრომეტირებელი კამპანია, ზოგი ძველებურად განაგრძობს სამართლიან ბრძოლას. ეს არის სიმართლე!
მაშინ, არც მეორე ტური იყო, არც “ლელო“ და არც საქართველოს სახელმწიფო! მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, გიორგი ვოლსკი იყო - საბჭოთა პროფსაბჭოს ინსტრუქტორი“, - წერს მამუკა კაციტაძე საკუთარ „ფეისბუქ“გვერდზე.