19 ოქტომბერს, ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციას კიდევ 200 წევრი ადვოკატი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ცერემონიის ფარგლებში, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ადვოკატის ფიცი ოფიციალურად დადეს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ახალ წევრებს ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები, სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადასცა.
„ვულოცავ, ასოციაციის თითოეულ ახალ წევრს, მათ ვინც პირველი ნაბიჯი შემოდგა ადვოკატის პროფესიაში და წარმატებებს ვუსურვებ საზოგადოების მსახურების ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
„ადვოკატის პროფესია თავისუფალი და დამოუკიდებელი პროფესიაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის შეუპოვარ შრომას, პროფესიული ეთიკის ნორმების განუხრელ დაცვასა და მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე მუდმივ ზრუნვას მოითხოვს.
ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალურ ცერემონიას საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა. ღონისძიება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.