კულტურის კომიტეტის ინიციატივით კომიტეტის წევრები პოეტ, დავით მაღრაძეს შეხვდნენ.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პოეტის შემოქმედების ბოლო წლებში გამოცემული წიგნები მიმოიხილეს და კავკასიური პროექტის ფარგლებში აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოცემული მისი ლექსების მნიშვნელობა აღნიშნეს.
„კულტურის კომიტეტის დანიშნულებაა არა მხოლოდ კანონმდებლობის საკითხებზე მუშაობა, არამედ სხვადასხვა ფორმატში გამოჩენილ პოეტებთან და მწერლებთან, კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრები. ჩვენ ვგეგმავთ გავაფართოვოთ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები და კულტურული დიპლომატიის ფარგლებში ჩავრთოთ ქართველი მწერლები და პოეტები", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.
დავით მაღრაძემ მისი საქმიანობის დაინტერესებისთვის და კომიტეტში მოწვევისთვის კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა და კავკასიური პროექტის ფარგლებში მისი ლექსების თარგმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურმა აფხაზებმა, ოსებმა და ჩერქეზებმა თარგმნეს ჩემი ნაწარმოებები, რომლებიც შემდგომ იორდანიაში გამოიცა. ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ლირიკა და იგი საქვეყნო საქმეა", - აღნიშნა დავით მაღრაძემ.
პოეტი დავით მაღრაძე საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი და ლიტერატურაში 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტია.