ველოდები, რომ ჩვენს პარტნიორებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ფარულად მოსმენასთან დაკავშირებით უმწვავესი რეაქცია ექნებათ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” თბილისის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ განაცხადა.
თამარ კეკენაძის თქმით, პარტნიორების უკანონოდ მოსმენა პუტინის რუსეთის ხელწერაა და „ქართული ოცნების“ მიერ მსგავსი მეთოდების გამოყენების მთავარი ამოცანა, ქვეყნის ევროკავშირის და ნატოს წევრად გახდომის ამბიციის საბოლოოდ დაკარგვაა.
"ველოდები, რომ ჩვენ პარტნიორებს ექნებათ უმწვავესი რეაქცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ფარულად მოსმენასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.
საგანგაშოა ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოების სამსახურებს მიადგა. ეს უწყებები რეგიონში არსებული საფრთხეების გამკლავების პროცესში ჩვენი პარტნიორების მთავარი მოკავშირეები უნდა იყვნენ. ამის ნაცვლად, წლიდან წლამდე „ქართული ოცნება“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის და ახლა ტოტალური და უკანონო მოსმენისთვის იყენებს.
პარტნიორების და მეგობრების უკანონოდ მოსმენა არის პუტინის რუსეთის გამოცდილი ხელწერა. ასეთი მეთოდების გამოყენების მთავარი ამოცანაა, ქვეყანას საბოლოოდ დაუკარგოს ამბიცია გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მოვიდნენ 2 ოქტომბერს არჩევნებზე, რათა ერთად დავიწყოთ „ქართული ოცნების“ ცვლილების პროცესი”, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.