"მრავალეროვანი საქართველო“ დმანისის სოფელ განთიადში მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება და მიმართავს შესაბამის სტრუქტურებს, რომ საარჩევნო პერიოდში უზრუნველყონ უსაფრთხოება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "მრავალეროვანი საქართველოდან“ აცნობეს.
"მრავალეროვანი საქართველო“ ეხმიანება დმანისის სოფელ განთიადში, დმანისის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის და კახა ოქრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიისას, პოლიტიკური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც დაჭრილია ორი პირი.
ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროული და ეფექტური მოქმედებისაკენ, რათა ვითარება კიდევ უფრო არ დაიძაბოს და არჩევნებში ჩართულმა აქტორებმა შეძლონ პოლიტიკური კამპანიის მშვიდ და ჯანსაღ გარემოში ჩატარება.
"მრავალეროვანი საქართველო“ მიმართავს სათანადო სტრუქტურებს, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, უზრუნველყონ უსაფრთხოება, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისა, ამომრჩევლებთან შეხვედრების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას.
ამასთანავე, ორგანიზაცია სამართალდამცავთა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის დაპირისპირების განმეორებით საფრთხეზე და სთხოვს, წინმსწრებად მიიღონ შესაბამისი ზომები, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია "მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.