15 სექტემბერს, ნიუ იორკის შტატის ქალაქ სირაქიუზში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და სირაქიუზის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა კრეგ ბოიზმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში აღნიშნავენ, მემორანდუმის ფარგლებში, მომდევნო აკადემიური წლიდან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეები შეძლებენ ისარგებლონ სპეციალური სტიპენდიით, რომელიც გავრცელდება ყველა სასწავლო პროგრამაზე - მაგისტრატურა, დოქტორანტურა, იურის დოქტორი და მოიცავს პროგრამის ღირებულების მინიმუმ 50%-იან თანადაფინანსებას.
„მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ადვოკატთა ასოციაციის წევრების, ლექტორების და ტრენერების მონაწილეობას სირაქიუზის უნივერსიტეტის სხვადასხვა მოკლევადიან გაცვლით და კვლევით პროგრამებში.
სირაქიუზის უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც 1870 წელს დაფუძნდა და აერთიანებს მრავალ წარმატებულ და გამოჩენილ კურსდამთვრებულს, რომელთა შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.
სპეციალური სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობის წესები და პროცედურები მომდევნო წლის სააპლიკაციო ციკლის დაწყებასთან ერთად გამოცხადდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.