,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უარყოფს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად „ქართულ ოცნებას“ მის მიერ დასახელებული მერობის ცალკეული კანდიდატები „სუს-ის აგენტებად ჰყავს ქცეული“.
კითხვაზე, ახდენენ თუ არა სუს-ის თანამშრომლები მერობის კანდიდატების დაშინებას, კობახიძემ განცხადა, რომ „არავინ არავის არ აშინებს“ და მერობის კანდიდატები თავიანთ კამპანიას აწარმოებენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს თავის საქმეს, არავინ არავის არ აშინებს, არავითარი ფაქტი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს მერობის კანდიდატებს ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, შესაბამისად აწარმოებენ თავიანთ კამპანიას”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ მის მიერვე დასახელებული მერობის ცალკეული კანდიდატი სუს-ის აგენტებად ჰყავს ქცეული. სულ საუბარია მერობის 23 კანდიდატზე. არხის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორისაა „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე, რომელიც „გადაბირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მეშვეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ“. „მთავარი არხის“ ინფორმაციითვე, ვაჭარაძის დავალება პარლამენტის წევრ ირაკლი ხახუბიას მიყურადება, ჩაწერა, ინფორმაციის მოგროვება და ცენტრისთვის მიწოდებაა, გადაბირების თარიღი კი 2017 წელია“. ვაჭარაძის გარდა, საუბარია მარნეულის მერობის კანდიდატ კენან ომაროვზეც. „რეკრუტირებულია ანუ "დავერბოვკებულია" ქვემო ქართლის უშიშროების სამმართველოს მიერ 2007 წელს. აგენტურული ფსევდონიმი "ლევანი". მითითება - ჩაწერა, გადაღება, მოწოდება“, - ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. გარდა ამისა, საუბარია ყვარლის მერობის კანდიდატ გივი ზაუტაშვილზეც, რომელიც არსებული ინფორმაციით, „გადაბირებულია კახეთის კუდ-ის სააგენტოს მიერ 2007 წელს, აგენტურული ფსევდონიმი "ფარი"; ევალება: საჯარო სამსახურში ინფორმაციის მოკრება და სუს-ისთვის მიწოდება“.