არაფერს არ ვიტყვი ამ ყველაფერთან დაკავშირებით გარდა ერთისა - უბრალოდ უხერხულია! - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნის შეფასებისას განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი წერილის მოსკოვში გაგზავნა და ამ თემებზე დისკუსიის წამოწყება არასწორია.
„არაფერს არ ვიტყვი ამ ყველაფერთან დაკავშირებით გარდა ერთისა - უბრალოდ უხერხულია! 8 აგვისტო მოდის და რამდენიმე დღით ადრე ასეთი წერილი, ასეთი ინფორმაცია და ამ თემებზე დისკუსია არ არის სწორი. ამას ძალიან რბილად და მოზომილად ვამბობ იმასთან შედარებით, როგორი ემოციაც მქონდა როდესაც ამ ამბებზე დისკუსია წამოვიწყეთ. ეს არ ვარგა! ამ მოცემულობაში ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, მათ შორის იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს ერთიანობისთვის. ამის იქეთ ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ამის იქეთ ვის რა მერკანტილური ინტერესი ამოძრავებს, როგორია დამოკიდებულება და ა.შ. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. მთავარია ყველას გვახსოვდეს და პატივი ვცეთ 8 აგვისტოს დღეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართა. წერილში ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის.