ირმა ინაშვილის განცხადება „ქართული ოცნების“ პრორუსულ ინტერესებს ახმოვანებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო-სთან ყოველგვარი თანამშრომლობა ჩვენთვის მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს.
„ნატო-სთან ყოველგვარი თანამშრომლობა, ყოველგვარი ერთობლივი წრთვნა არის ჩვენთვის უფრო მეტი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ირმა ინაშვილი ამის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ვის სატელიტს წარმოადგენს ირმა ინაშვილი, სამწუხაროდ, მისი სახელით სინამდვილეში „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს. აქვე, გაგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილი ამ წერილში მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, არა საქართველოს ხელისუფლებას ან ვინმე სხვას, არამედ რუსეთის პრეზიდენტს, იმისთვის რომ მან საქართველოსთან დიალოგი აწარმოოს. მე მგონია, რომ ეს კოლაბორაციონისტული პოზიციაა“, - განაცხადა ნონიაშვილმა.
ცნობისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა. წერილში ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის.