სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამსახურის საქმიანობა ყოველთვის მაღალ დონეზეა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
„1 აგვისტოს 6 წელი შესრულდა, რაც წარმატებულად გატარებული რეფორმის შედეგად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. დღეს იგი გვევლინება დასავლურ, მაღალი სტანდარტის სპეცსამსახურად და შეფასებულია, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩართულია ბრძოლაში ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხების დასაძლევად, როგორიცაა: ტერორიზმი, ტრანსნაციონალური, ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაული. ასევე, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეები და კიბერუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ყოველთვის მაღალ დონეზეა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
მინდა ეს დღე მივულოცო სამსახურის სრულ შემადგენლობას და ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული თანამშრომლების წინაშე”, - აცხადებს ტაბატაძე.