პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დეპუტატები გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს.
„გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით“,- აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში უკრაინიდან დღეს ჩამოფრინდა.
კრამონის ვიზიტი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ვიოლა ფონ კრამონი დღეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შეხვდება, ხვალ კი პრესკონფერენციას გამართავს.