მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად ქართველ ახალგაზრდებს უცხოეთში წასვლა აღარ მოუწევთ. 2022 წელს ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი პირველ სტუდენტებს მიიღებს. პირველ წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სამი მიმართულებით შესთავაზებენ. საბაკალავრო საფეხურზე იგეგმება პროგრამების განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, მასკომუნიკაციების მიმართულებით; სამაგისტრო საფეხურზე კი - საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მედიის კვლევების მიმართულებით. ეტაპობრივად, პროგრამების გამრავალფეროვნება იგეგმება. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული და ევროპული კამპუსების კურსდამთავრებულების დიპლომის ანალოგიური იქნება.
როგორც ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში განმარტავენ, ეს იქნება საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც რეგიონის მოწინავე სტუდენტებს დააკავშირებს. ვებსტერის უნივერსიტეტის საქმიანობისა და გეგმების შესახებ უფრო დეტალურად Webster University Georgia-ს პარტნიორი მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრება.
რას შეცვლის ქართულ და ზოგადად, რეგიონის საგანმანათლებლო ბაზარზე ვებსტერის უნივერსიტეტის შემოსვლა?
ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსის გახსნა უდიდესი მნიშვნელობის პროექტია, რადგან მაღალი ხარისხის ამერიკული განათლება საქართველოში ხელმისაწვდომი ხდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, რადგან ამ დროისთვის ამ დონი უნივერსიტეტი რეგიონის არც ერთ ქვეყანაში არაა. ვებსტერის უნივერსიტეტის ადგილზე ბაზირება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ბევრ ტექნიკურ საკითხთან ერთად, ფინანსურ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული. ამერიკასა და ევროპაში სწავლა იაფი ნამდვილად არაა. ეს კი მალე საჭირო აღარ იქნება, რადგან ამერიკული განათლების მიღება საქართველოში ხდება ხელმისაწვდომი. ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი ღიაა ადგილობრივი თუ რეგიონის სტუდენტებისთვის. საქართველოში სხვა ქვეყნების კამპუსების ანალოგიური პროგრამა განხორციელდება და კურსდამთავრებულები ამერიკულ დიპლომს მიიღებენ.
ქართული კამპუსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ფინანსური ხელმისაწვდომობა იქნება. ანალოგიურ პროგრამასა და დიპლომში სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლების გადახდა მოუწევთ. ამ მიმართულებით ამერიკელი პარტნიორებისგან დიდი ხელშეწყობა გვაქვს.
როგორი იყო მოლაპარაკებების პროცესი ამერიკულ მხარესთან? მათთვის ქართული საგანმანათლებლო ბაზარი რამდენად საინტერესოა?
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობაზე მათი მხრიდან ინტერესი ყოველთვის არსებობს.
ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნაზე მოლაპარაკებები და აქტიური სამუშაოები რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. ბევრი ტექნიკური საკითხი იყო მოსაგვარებელი. ამას თან დაერთო კოვიდპანდემია, თუმცა პროექტზე მუშაობა ერთი დღეც არ შეჩერებულა. რთული ვითარების პერიოდშიც ვაგრძელებდით მუშაობას და შედეგად დრეს ინფრასტრუქტურა დასრულებულია და 2022 წელს პირველი სტუდენტების მისაღებად მზად ვართ. მანამდე მიმდინარე წლის შემოდგომიდან უკვე დაიწყება მუშაობა აბიტურიენტებთან როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში.
მოლაპარაკების პროცესში ვებსტერის უნივერსიტეტმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა. გაანალიზებულ იქნა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცე და შრომის ბაზარი, ბიზნეს გარემო, ეკონომიკური მაჩვენებლები, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ა.შ. მიღებული შედეგებით კი უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. დღეს ვებსტერი საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად მოიაზრებს, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან სწავლის გაგრძელებით დაინტერესდებიან.
როგორ მოხდება ვებსტერის უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში ჩაბარება?
აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ეროვნული გამოცდები, რასაც შიდა გამოცდები დაემატება. ამის შესახებ ინფორმაცია ღიად ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. აქტიურად ვიწყებთ მუშაობას აზერბაიჯანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ინფორმაციის მიწოდების კუთხით.
ვინ ასწავლის ვებსტერის უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში? აკადემიური პერსონალი დაკომპლექტდება უცხოელებით თუ იქნებიან ქართველი პროფესორებიც?
აკადემიური პერსონალის 80%-ზე მეტი უცხოელები იქნებიან. ჩვენთან ასწავლიან ისინი, ვინც ვებსტერის ამერიკულ და ევროპულ კამპუსებში ასწავლის. პროგრამა სრულად ამერიკული მხარის მიერაა შედგენილი და განხორციელების უდიდესი ნაწილიც მათ მიერ მოხდება. მცირე ნაწილი იქნებიან ქართველებიც, რომელთა შერჩევის პროცესიც უკვე დაწყებულია.