დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი 30-კაციანი ჯგუფი გაემგზავრება, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები გეგმა-გრაფიკის მიხედვით თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.
,,ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.