რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი იცვლება.ამ მიმართულებით პარლამენტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე წარედგინა. ინიცირებული პროექტით დგინდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის დადგენილი წესით დანიშნავს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების საკითხი, პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად მოწესრიგდება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორები არიან: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.