პარტია “საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა და დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
მისი თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ვინც დღეს ამ მასკარადის მონაწილეები იყვნენ, არ ფიქრობს ხალხის საჭიროებებზე.
„არ არის ორიენტირებული იმ პრობლემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს და ამ რაღაცა მექანიზმების მოძიებაზე.
ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია და ეს იქნება უახლოეს არჩევნებზე. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, მთავრობის გადადგომას დღეს არანაირი აზრი არ აქვს, იმდენად დისკრედიტირებულია მთლიანად ხელისუფლება და სამთავრობო გუნდი. ამიტომ, ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნების გზით", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.
"რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დადგეს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ნახოს, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მსგავსს ტრაგედიებზე, რომელიც არ იყო რიგითი, ეს იყო, ჩვენი აზრით, ორკესტრირებული შეტევა მედიაზე იმ დღეს, როდესაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თავისი მოქალაქეების და მათ შორის თქვენი, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, რაც ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
პირველ რიგში, უნდა მოახდინოს რეაგირება უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, რომელსაც იმ დღეს შემხებლობა ჰქონდა სამარცხვინო აქტთან, რომელიც იყო მედია სექტორის წარმომადგენლების მიზანმიმართული ცემა და შემდგომში სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ინსტიტუციები არ არის ჩამოშლილი და დარღვეული, რისი ნიშნებიც ჩვენ გვაქვს. იმდენად არის ნდობა დაკარგული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომ გამოძიების მიმართ ნდობა აღარ არსებობს. მე არ ვამბობ, რომ საფუძველი არ არსებობს, საფუძველი არსებობს, მაგრამ მთავრობის გადადგომით არაფერი შეიცვლება. არ აქვს მნიშვნელობა დღეს რომელი პრემიერ-მინისტრი იქნება, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ არის ნდობა სრულად დაკარგული“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.