პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში სრული ოპოზიციური სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ფრაქციების მუშაობაც ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, კარგია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედა და პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს.
“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა, წარმოდგენილი იქნება ფაქტობრივად სრული ოპოზიციური სპექტრი და შესაბამისად, ფრაქციების მუშაობაც იქნება და ცხადია, უნდა იყოს მიმართული ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად. ამიტომ კარგია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედა და გააგრძელებს პარლამენტში საქმიანობას. ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება როგორც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ცხადია, ეს ფრაქციები უნდა დაფიქსირდნენ და მიეცეთ პატლამენტში საქმიანობის შესაძლებლობა ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინებით”,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 ივნისის სხდომაზე ორი ოპოზიციური ფრაქციისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.
7 ივნისს, კომიტეტი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციაზე იმსჯელებს. ფრაქცია 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.
ასევე, 7 ივნისის სხდომაზე განიხილება 7-წევრიანი ფრაქციის “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ რეგისტრაციის საკითხი. აღნიშნულ ფრაქციაში ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის“ სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.