ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტი შეიცვალა. ამ მიმართულებით „ქართულმა ოცნებამ“ ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეთავაზება გაიზიარა, რომლის მიხედვით, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.
პროექტის პირვანდელ ვარიანტში 48-საათიან დაკავებაზე იყო საუბარი. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.