პარლამენტი, დაჩქარებული წესით, ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ პროექტზე მსჯელობს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება. მომზადებული კანონპროექტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.