პარლამენტში ახლად შექმნილმა კულტურის კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის დებულება მიიღეს და თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი გახდა, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით მოადგილის თანამდებობაზე ქეთევან დუმბაძე აირჩიეს. ოპოზიციას საკუთარი კვოტით მოადგილის კანდიდატურა კომიტეტისთვის არ შეუთავაზებია.
როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბება და პარლამენტში კომიტეტის შექმნა ნიშნავს, რომ კულტურის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და კულტურას დიდი ყურადღება მიექცევა.
კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა „ქართულმა ოცნების“ უმრავლესობამ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა.