საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული მრავალპროფილური სამეცნიერო და საექსპერტო კვლევების ცენტრი შეიქმნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახლო მომავალში, ქართულ-გერმანული მრავალპროფილური სამეცნიერო და საექსპერტო კვლევების ცენტრი დაფუძნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართულ-გერმანული სამეცნიერო და საექსპერტო კვლევების ცენტრი, გერმანიის Fraunhofer Institute-თან თანამშრომლობით, საინჟინრო დარგის არაერთ სფეროში (სამშენებლო, ქიმიური, ეკო და ნავთობპროდუქტების, სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკისა და სხვ.) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ახალი პროდუქციის დამუშავებას, ქართული და უცხოური პროდუქციის ექსპერტიზას განახორციელებს. ერთობლივი ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე პროექტის მონაწილე გერმანული მხარის წარმომადგენლებს - Fraunhofer Institute-ის პროფესორს, ექსპერტს, ინჟინერ-ქიმიკოსსა და გამომგონებელს - დოქტორ კურტ შუმხენსა და Kern Consult GmbH-ის და German Cement LLC-ის დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრს - დოქტორ ანდრეას კერნს შეხვდა.

დოქტორი კურტ შუმხენი საექსპერტო ბიურო IKS-ის დამფუძნებელი, სააქციო საზოგადოება Interbran Systems AG-ის პრეზიდენტი და კომპანიების - BETEK Beschichtung-ისა და Interbran Labs-ის ხელმძღვანელია. დოქტორი ანდრეას კერნი კი არაერთი ცნობილი გერმანული სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, მათ შორის: Papenburg AG, Kazakh Cement AG, Hanover AG, Basalt AG, LINZ AG, Geiger Gruppe AG. დოქტორი კერნი სხვადასხვა დროს იყო გერმანიის საშენ მასალათა გაერთიანების პრეზიდენტი, ევროპის ცემენტის გაერთიანების წევრი ბრიუსელში და გერმანიის მრეწველთა გაერთიანების პრეზიდენტი. აღნიშნული ორგანიზაციები აწარმოებენ კვლევებს ახალი მასალების შექმნისა და არსებული მასალების უვნებლობლობასთან მიმართებით. ამიერიდან, გერმანელ მეცნიერებთან თანამშრომლობით, ამ მიმართულებით ქართველი მეცნიერები იმოღვაწევებენ. სამუშაო შეხვედრაზე ქართულ-გერმანული სამეცნიერო და საექსპერტო კვლევების დაფუძნების ეტაპებისა და სპეციფიკაციების შესახებ ისაუბრეს ერთობლივი საექსპერტო ცენტრის პროექტის ხელმძღვანელებმა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, დოქტორმა კარლო კოპალიანმა, ASWISS GROUP AG-ის წარმომადგენელმა, სამთო კომპანია ფარავანპერლიტის დირექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ქეთევან ვახტანგიშვილმა და კომპანია „გერმან პერლიტის“ გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ვალერიან მჭედლიშვილმა, რომელთაც აღნიშნეს, რომ სამეცნიერო კვლევებისა და შედეგების გამოყენების თვალსაზრისით, მასალათმცოდნეობის დარგი ერთ-ერთ უპირველეს მსოფლიო პრიორიტეტს განეკუთვნება.

როგორც სამუშაო შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოში სრულიად ახალი ტიპის, ქართულ-გერმანული, ფუნქციურად გამართული და მრავალპროფილური სამეცნიერო და საექსპერტო კვლევების ცენტრის დაარსება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.

„მსგავსი ერთობლივი ცენტრის დაფუძნება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და უაღრესად საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და გაგვაჩნია რესურსი, რომ ქართულ-გერმანულმა მრავალპროფილურმა სამეცნიერო და საექსპერტო კვლევების ცენტრმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იფუნქციონიროს Fraunhofer Institute-თან თანამშრომლობით. სამომავლოდ, ცენტრში გერმანული ტექნოლოგიებით მოხდება არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე წარმოებული, არამედ უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალით შექმნილი და ექსპორტით შემოსული საინჟინრო დარგის არაერთი სფეროს პროდუქციის ექსპერტიზა და სერტიფიცირება. ყოველივე ეს სტიმულს მისცემს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მიერ მაღალი სტანდარტების პროდუქციის დამუშავებას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ექსპერტები და მკვლევრები, რომელთაც გერმანიაში, Fraunhofer Institute-ში, საშუალება მიეცემათ მასალათმცოდნეობის მიმართულებით შეისწავლონ ახალი მასალების მისაღებად და ექსპერტიზის ჩასატარებლად თანამედროვე გერმანული ტექნოლოგიები და ამ მიზნით, გაივლიან სპეციალურ გადამზადებას, რათა კვლევისა და ექსპერტიზის მულტიფუნქციური მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილონ“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ქართულ-გერმანული სამეცნიერო და საექსპერტო კვლევების ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრაა დაგეგმილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა