"არგენტინის სახლის" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად არგენტინელი ფეხბურთელის, მწვრთნელის სერხიო ბატისტას დანიშვნას სთავაზობს.
როგორც ნიკოლოზ პატარქალიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული თხოვნით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს 11 იანვარს უკვე მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ.
მისივე თქმით, ეროვნულ ნაკრებს ასეთი დონის მწვრთნელი ჯერ არ ჰყოლია და არც ახლა ჰყავს მსგავსი კანდიდატურა.
,,11 იანვარს, „არგენტინის სახლმა“ საქართველოში სფფ-ს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრს, ლევან კობიაშვილს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად წარუდგინა მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, არგენტინელი კვალიფიციური ფეხბურთის სპეციალისტი სერხიო დანიელ ბატისტა. სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი ოფიციალური პასუხი არ ყოფილა. როგორც არგენტინის მთავრობიდან, გვაცნობეს, "არგენტინის სახლი საქართველოში" მიერ ა.წ. 11 იანვარს არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ისინი ამზადებენ წერილს საქართველოს მთავრობის მისამართით. 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის პერიოდში, ეროვნულ ნაკრებს ასეთი დონის მწვრთნელი არ ჰყოლია და ჯერჯერობით არც ახლა ჰყავს მსგავსი დონის კანდიდატურა, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოვუწოდებთ მიიღოს შესაბამისი გონივრული გადაწყვეტილება.
აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არიან: FIFA"-ს პრეზიდენტი, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტი. აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ -მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტია "ქართული ოცნებისა" და ფონდი "ქართუს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი!“ - აღნიშნა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.