2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან აცნობეს. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი.

„ამ ისტორიულ მომენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში თვალს ადევნებდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები. აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება ახალი და მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. დადგა ენერგიული მოქმედების, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისა და ზამთრის სპორტში სერიოზული ინვესტიციების განხორციელების დრო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარადგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC). მოგვიანებით, 2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი. კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სეოკ-ის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით. ვიზიტის პირველ დღეს შემფასებელ კომისიას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. ვიზიტი ორგანიზებული იყო მეტად მაღალ დონეზე და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი ფესტივალის ჩასატარებლად." ამის შემდეგ, ქართულმა მხარემ, დადგენილ ვადებში და ფორმით, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს წარუდგინა პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი. გაზაფხულიდან მოყოლებული, სეოკ-თან შექმნილ სამუშაო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, აგრეთვე ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო - 4 წლის შემდეგ საქართველო მნიშვნელოვან ევროპულ ოლიმპიურ ფორუმს უმასპინძლებს. საქართველოსთვის წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის წარდგენილი თბილისის კანდიდატურა, რომლის მასპინძლობის პატივი 2015 წელს გვერგო. იმედი გვაქვს, რომ ასევე წარმატებული იქნება ჩვენი ახალი პროექტი,“- აღნიშნავენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტში.

სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის განცხადებით, 2015 წელს საქართველომ მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და მაშინ მიღებული გამოცდილება გამოგვადგება უკვე 2025 წელს.

„ამჯერად მოგვიწევს ორი მთავარი ამოცანის შესრულება: ერთის მხრივ, უნდა შევქმნათ ზამთრის სპორტისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი - საფუძვლიანად მოვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი სპორტული მიზნებისთვის საბრძოლველად და ამ საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. პარალელურად, უნდა გავწიოთ შრომატევადი საორგანიზაციო სამუშაოები, რათა ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობის მყარი მხარდაჭერა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის სპორტში დღეს და ხვალ განხორციელებული ინვესტიცია აუცილებლად მოგვცემს ხელშესახებ შედეგს და არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სრულიად ახალ სიმაღლეზე აყვანის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც,“-აღნიშნა მან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა