გია ჟორჟოლიანი ქართველ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ქართველ პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

როგორც ჟორჟოლიანი მილოცვაში აღნიშნავს, პედაგოგები საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან მადლიერებასა და პატივისცემას იმსახურებენ.

მისივე თქმით, დღეს თავის საქმეში მასწავლებელი უფრო კომპეტენტურია, ვიდრე ბევრი პარლამენტარი.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. მინდა პირადად ჩემი და ჩვენი პარტიის სახელით საქართველოში მოღვაწე ყველა მასწავლებელს მივულოცო ეს დღე, ვუსურვო პროფესიული წინსვლა და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მათი შრომა ღირსეულად დაფასდება.

ძნელია მოიძებნოს საქართველოში ისეთი პროფესია, რომელსაც იმდენი კრიტიკა ხვდა წილად ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, რამდენიც მასწავლებელს. „პოლიტიკოსები“, „განათლების ექსპერტები”, უბრალოდ „ექსპერტები“, „ჟურნალისტები“ და ვისაც არ ეზარება, დაუღალავად და „კომპეტენტურად“ აკრიტიკებს პედაგოგებს და მათ აბრალებს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს.

ამ დროს, საქმე სრულიად სხვაგვარადაა. საქართველოში თუ რაიმე დაწესებულება, ინსტიტუტი მუშაობდა მეტ-ნაკლებად ეფექტიანად ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს იყო სკოლა, რომელიც დგას მასწავლებელზე.

ქვეყნისთვის ურთულეს 90-იან წლებში მასწავლებლებმა უმძიმეს პირობებში მომუშავეებმა ქვეყანას აღუზარდეს მომავალი თაობები. იმ პერიოდში მომუშავე მასწავლებლებმა შესძლეს ბავშვებისთვის გადაეცათ ცოდნა, ზნეობრივი პრინციპები, ჩაუნერგეს ქვეყნის სიყვარული და მომავლის იმედი. ბევრი ჩემი კარგი სტუდენტი სწორედ იმ დროს სწავლობდა. ყველა სფეროშია ავი და კარგი, მაგრამ თუ ობიექტურები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, მასწავლებლებმა ბევრად უკეთ და ეფექტიანად იმუშავეს საქვეყნო ამოცანებისთვის ბოლო ათწლეულებში, ვიდრე „პოლიტიკოსებმა“, სხვადასხვა ჯურის „ექსპერტებმა“, „ჟურნალისტებმა“, „ბიზნესმენებმა“, თუ ჩვენი „ელიტის“ სხვა წარმომადგენლებმა.

შეიძლება ითქვას, ზოგადი განათლების სფეროში ჩვენ უკეთ გვაქვს საქმე, ვიდრე სხვა სფეროებში: მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მეცნიერებაში, ზოგადად ეკონომიკაში თუ პოლიტიკაში. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი უფრო კომპეტენტურია დღეს თავის საქმეში, ვიდრე ბევრი პარლამენტარი.

ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის (კერძოდ ეკონომიკური განვითარებისთვის) მთავარი იარაღი ცოდნა, ზნეობრივი პრინციპები და სულიერი განვითარებაა. ეს კი მასწავლებელზე დგას. ამიტომ, თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, თუ განათლებული მომავალი თაობა გვინდა, თუ ხალხის კეთილდღეობა გვინდა, უნდა შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ.

გლობალური პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო გაიზარდა მასწავლებლის როლი და პასუხისმგებლობა. 2020 წლის მასწავლებელთა დღის საერთაშორისო გზავნილი შემდეგია: „მასწავლებელი - კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი“.

ქართველმა მასწავლებლებმა ღირსეულად გაართვეს თავი ამ პასუხისმგებლობას. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მადლიერებასა და პატივისცემას ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან.

მასწავლებელი არის განათლებისა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ბურჯი. საბავშვო ბაღების, საშუალო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების მასწავლებელთა თავისუფალი და ღირსეული საქმიანობის პირობების შექმნა ჩვენთვის პრიორიტეტია. მასწავლებლობა უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, სოციალურად აღიარებული და ღირსეულად ანაზღაურებული საქმიანობა”, - აღნიშნულია მილოცვაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა