ქეთევან ციხელაშვილმა ეუთოში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

ეუთოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი ეუთოში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან აღნიშნა, რომ ჯგუფის განცხადებები, მათ შორის ახლახან, განახლებული მუდმივი საბჭოს პირველივე სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებული ერთობლივი განცხადება არის პარტნიორების მხრიდან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება და მოწმობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიისა და ტერიტორიების ოკუპაციის შეფასებისას.

ქეთევან ციხელაშვილმა ჯგუფის წევრებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ურთულეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციები და ხაზი გაუსვა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების, მათ შორის, კიბერ-თავდასხმების და დეზინფორმაციის გამოყენებას. ქართულმა მხარემ მეგობართა ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესთან დაკავშირებით, რასაც თან ერთვის ადგილობრივ მცხოვრებელთა უკანონო დაკავებები. ამ კონტექსტში, ელჩმა ყურადღება გაამახვილა, საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონოდ დაკავების ფაქტზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაზა გახელაძის და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ამჟამად მყოფი სხვა პირების, კერძოდ - გენადი ბესტაევისა და ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვა აქტუალურ თემებს, მათ შორის, შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მზაობა, მოახლოებული არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოსა და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარებასთან დაკავშირებით და განმეორებით მოიწვია პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან, საერთაშორისოს დამკვირვებლებისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად, გლობალური პანდემიის მიუხედავად.

მეგობართა ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა და გამოხატეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისათვის.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი 2014 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით.

ჯგუფის წევრები არიან: ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთანებული სამეფო და აშშ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა