გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ახალი პროექტის UK-Georgian Trade Hub  პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ახალი პროექტის “UK-Georgian Trade Hub” პრეზენტაცია, რომელსაც მრგვალი მაგიდის დისკუსია და ონლაინ ვებინარი მიეძღვნა.

უწყების ცნობით, UK-Georgian Trade Hub პირველი პროექტია, რომელიც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ერთდროულად უზრუნველყოფს ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს და შესაბამისად, გაუმარტივებს კერძო კომპანიებს და მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე.

ღონისძიების ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ საელჩოში უმასპინძლა “UK-Georgian Trade Hub”-ის დამფუძნებლებს და პროექტის მთავარი მხარდამჭერის - ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. სტუმრები საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვებინარში ჩაერთნენ და ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე.

კერძოდ, ყურადღება გამახვილდა “UK-Georgian Trade Hub”-ის უნიკალურობაზე და მნიშვნელოვან პოტენციალზე, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობის კონტექსტში. პროექტის დამფუძნებლების მოლოდინით, მათი მომსახურება განსაკუთრებულად მიმზიდველი იქნება ბრიტანული ბაზრით დაინტერესებული ქართველი მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის, რომლებიც აქამდე სხვადასხვა სირთულის გამო, ვერ ახერხებდნენ ბრიტანულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

“UK-Georgian Trade Hub” ყველა დაინტერესებულ კომპანიებს გაუწევს ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ მომსახურებას, დაეხმარება თავიანთი პროდუქციის გაერთიანებულ სამეფოში ჩამოტანაში, განბაჟებასა და ქ. ლონდონში დასაწყობებაში, რაც გაუმარტივებს სადისტრიბუციო ქსელებთან კავშირების დამყარებას და ჩამოტანილი პროდუქციის შემდგომ რეალიზებას. “UK-Georgian Trade Hub”-ის დამფუძნებლის განცხადებით, პროექტი უნიკალურია, ვინაიდან იგი საშუალებას აძლევს კომპანიებს მთლიანი კონტეინერის დაქირავების ნაცვლად, გაგზავნონ სულ მცირე ერთი ევროპალეტის ზომის ტვირთი, რაც გასაყიდი საქონლის ფასის კონკურენტუნარიანობასაც უზრუნველყოფს.

ვებინარზე საუბრისას, ელჩმა სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. ხაზი გაესვა, რომ გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია.

„საინვესტიციო ურთიერთობების პარალელურად, მნიშვნელოვანია კომერციული კავშირების გააქტიურება და ხელშეწყობა. 2019 წლის ოქტომბერში გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და მისი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი, რომელიც მომავალი წლის იანვარში შევა ძალაში, ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალზედ დროულია “UK-Georgian Trade Hub”-ის ჩამოყალიბება და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივ ვაჭრობას და გააადვილებს ბრიტანულ ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოჩენას”, - აღნიშნა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოითქვა მზადყოფნა, საელჩომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს პროექტის დამფუძნებლებს, ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში შედგება პროექტის პრეზენტაცია თბილისში, რომელსაც საელჩოს ხელშეწყობით, საორგანიზაციო მხარდაჭერას აღმოუჩენენ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” და საქართველოს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვებინარს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვაჭრობის ხელშეწყობის ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლების დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა